Sunday, April 22, 2012

ზოგადი ცნობები





მარადიული თოვლითა და მყინვარებით დაფარული კავკასიონი, შავი ზღვის სანაპიროს სუბტროპიკული ზონა, წყალუხვი მდინარეები და ჩანჩქერები, სამკურნალო მინერალური წყლები და კურორტები, მრავალპროფილიანი და მდიდარი ეკონომიკური რაიონები, ისტორიისა და კულტურის ძეგლები - ყველაფერი ეს განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებს ქმნის საქართველოში ტურიზმის განვითარებისათვის.

საქართველოში ტურიზმის განვითარებას ხელს უწყობს უამრავი ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლის არსებობა, უძველეს ხანას (ბრინჯაოსა და ადრეული რკინის საუკუნეები) განეკუთნება ბედენის, თრიალეთის, სამთავროს, სამგორის ყორღანები, აფხაზეთის დოლმენები, ჩვ.წ.აღ-მდე IV-III-I საუკუნეებით თარიღდება უძველესი დედაქალაქის - მცხეთის აკროპოლი და ვანის ნაქალაქარი ციხე-სიმგრის ნაგებობებით, სასახლისა და საკულტო შენობებით, ქალაქ-გამოქვაბულის-უფლისციხის (ქ. გორის მახლობლად) ადრეული სადგომები. დიდი რაოდენობითაა შემონახული ადრექრისტიანული ტაძრები, რომელთა შორის მრავალი - ბოლნისის რაიონი (V ს.) ნინოწმინდა (VI ს.), ჯვარი მცხეთის მახლობლად (VI ს-ის დასასრული VII ს-ის დასაწყისი და სხვა) - წარმოადგენს არქიტექტურის ცნობილ ძეგლებს. ძალზედ თვალწარმტაცია X-XI სს-ის ტაძრები და ეკლესიები - კუმურდოში, ქუთაისში, ალავერდში (თელავის მახლობლად), სვეტიცხოველი მცხეთაში, სამთავისი (ქ. გორის მახლობლად), ნიკორწმინდა ( ამბროლაურის მახლობლად), აგრეთვე XII ს-ის გელათის მონასტერი (ქ. ქუთაისის მახლობლად) - შუასაუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონასტერთაგანი საქართველოში. შემორჩენილია გრანდიოზული, კლდეში ნაკვეთი XII-XIII სს-ის მონასტრები - დავით გარეჯისა (თბილისიდან 60 კმ-ზე) და ვარძიისა (ბორჯომიდან 70 კმ-ზე). XIV-XVIII ს-დან შემორჩენილია ციხე (გრემი-XVI ს.) ტაძრები, მონასტრები, სასახლეები, ციხე-სიმაგრეები (ხერთვისი, კვარასციხე), ხიდები და სხვ. ნაგებობები.

საქართველოში ტურიზმის განვთარებას ასევე ხელ უწყობს ქვეყნის განსაკუთრებით ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა. ბუნებამ უხვად დააჯილდოვა საქართველო. მთელს მსოფლიოში არც ისე ბევრია ადგილები, სადაც შედარებით მცირე ტერიტორიაზე განლაგებულია ამდენი განსხვავებული ლანდშაფტი - ნოტიო სუბტროპიკებიდან მუდმივ თოვლამდე და მყინვარებამდე მაღალ მთიან ადგილებში.
საქართველოს ტერიტორიაზე შესწავლილია 2000-მდე მინერალური წყარო. მინერალური წყლები ფართოდ გამოიყენება ბალნეოლოგიაში სხვადასხვა ავადმყოფობათა სამკურნალოდ.
საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი საკურორტო ფაქტორია ჰავა. მთისა და ზღვის შერწყმული ჰავა ქმნის საუკეთესო კლიმატურ პირობებს მრავალი დაავადების სამკურნალოდ. კლიმატოთერაპიისთვის განსაკუთრებით ეფექტურია ზღვისპირა, დაბალ და საშუალომთიანი რაიონების ჰავა. მნიშვნელოვანი ბუნებრივი საკურორტო - რეკრეაციული რესურსია მდიდარი მცენარეულობა (მათ შორის წიწვიანი და ფართოფოთლოვანი ტყეები).
დღეს საქართველო 102 კურორტს ითვლის. ბორჯომის ხეობის კლიმატური კურორტები: წყალტუბო, აბასთუმანი, ბორჯომი, წაღვერი, ცემი, ლიკანი, ბაკურიანი. შავი ზღვისპირეთის კლიმატური პირობები: ახალი ათონი, ბიჭვინთა, სოხუმი, გაგრა, ბათუმი, ქობულეთი, მახინჯაური, ციხისძირი, და სხვ. ბალნეოლოგიური კურორტები: ნაბეღლავი, სკური, ზვარე, სულორი, ასპინძა, ცაიში, ნუნუსი, უწერა და სხვ. გარდა კურორტებისა ასევე რეგისტრირებულია 340 საკურორტო ადგილი.
ბუნების განსაკუთრებული მრავალფეროვნებისა და სილამაზის, მრავალი კულტურული ძეგლისა და მდიდარი და უძველესი ისტორიის გამო, საქართველო არის ტურიზმის მნიშვნელოვანი ცენტრი.

საქართველოში არსებობს ბუნებრივი ღირსშესანიშნაობანი, ნაკრძალები, ტბები, ჩანჩქერები, მღვიმეები, მწვერვალები, მყინვარები, მდიდარი ისტორიული ძეგლები და სამთო-სათხილამურო ცენტრები. ტურისტებსა და სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებს შორის ძალზედ პოპულარულია ბაკურიანი და გუდაური.
საქართველოში ალპინიზმი ძალზედ პოპულარული სპორტია. საქართველოს ყველაზე ცნობილ მწვერვალებს წარმოადგენს ყაზბეგი (5033მ), თეთნულდი (4853 მ), შხარა (5068 მ), უშბა (4700 მ), ჯანგითაუ (5059 მ) და სხვ. საქართველოს უმაღლესი მწვერვალია შხარა.
ტურიზმს საქართველოში კარგი პერსპექტივები გააჩნია. ყოველწლიურად მატულობს საქართველოში მოგზაურობის მსურველთა რაოდენობა.

No comments:

Post a Comment