Monday, June 4, 2012

ტურიზმი

თვალწარმტაცი ბუნება, მრავალფეროვანი ლანდშაფტი, კავკასიონის ქედი, შავი ზღვის სუბტროპიკული ზონა, მდინარეები და ჩანჩქერები, კლდეში ნაკვეთი ქალაქები, კურორტები და მინერალური წყლები, ისტორიული ძეგლები, ქალაქები და დასახლებები, ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობა და განთქმული ქართული სამზარეულო - ქმნის საქართველოს ტურისტულ ქვეყნად.

საქართველოს, როგორც ტურიზმისათვის საუკეთესო დანიშნულების ქვეყანას ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია მნახველთათვის.

მრავალფეროვანი ბუნება. საქართველოს ტერიტორია 64 700 კმ2--ია, საიდანაც 330 კმ შავი ზღვის სუბ-ტროპიკულ სანაპიროს უკავია. ქვეყნის ტერიტორიის 38,6% ტყით დაფარული მასივებია. ქვეყანაში არის 19 ნაკრძალი, 860 ტბა, მრავალი ჩანჩქერი და 25 000-ზე მეტი მდინარე, რომელთა საერთო სიგრძე 54 768 კმ-ს უტოლდება, ალპური მდელოები და მთები, რომელთაგან სიმაღლით აღსანიშნავია შხარა (5198) და ყაზბეგი (5048).

მრავალრიცხოვანი ისტორიული ძეგლები და მდიდარი ეთნოგრაფიული რესურსები. საქართველოში 12 000 ისტორიული ძეგლი და 150 მუზეუმია. შუა საუკუნეების კოშკებით მრავლადაა მოფენილი ქვეყნის ალპური ზონები. ჩვ.წ.-მდე VI-V საუკუნეებით თარიღდება არაერთი საკათედრო ტაძარი, ეკლესია-მონასტერი და სხვა ისტორიული ძეგლი.

კურორტები და მინერალური წყლები. მრავალფეროვანი კლიმატური პირობები საქართველოს ანიჭებს ტურიზმის განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობებს. ქვეყანა მდიდარია მინერალური წყლებით, კერძოდ 2000-მდე მინერალური წყარო. ყველაზე ფართოდ გავრცელებული მინერალური წყლები შედგებიან ნახშირბადის მჟავებისაგან. ასეთებს განეკუთვნება ისეთი სამკურნალო მინერალური წყლები, როგორიცაა ბორჯომი, ნაბეღლავი და საირმე.

ბორჯომის მინერალური წყლები, რომლებიც შეიცავენ ნატრიუმის კარბონატებს, გამოიყენება სამკურნალოდ სასმელის, აბაზანების, და ინჰალაციის სახით, აგრეთვე როგორც კუჭის ამორეცხვის საშუალება.

სხვა ბალნეოლოგიური კურორტებდან აღსანიშნავია საირმე, უწერა, სურამი, ნაბეღლავი. განსაკუთრებით კი მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილი კურორტი წყალტუბო თავისი შეუდარებელი რადონის წყლებით, რომელთა ბუნებრივი ტემპერატურა +33-35 0ჩ აღწევს, რაც იძლევა წყლის გამოყენების საშუალებას წინასწარ მისი გაცხელების გარეშე. აღნიშნული მინერალური წყალი გამოიყენება რევმატიზმის, საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების, ნევროლოგიური, გინეკოლოგიური და კარდიოვასკულარული დაავადებების ეფექტურ სამკურნალო საშუალებად. წყალტუბოში განლაგებულია 20 დიდი სამკურნალო ცენტრი, უმაღლესი დონის აბაზანები, დიაგნოსტიკური და თერაპევტული კლინიკები და ლაბორატორიები. ზომიერი კლიმატური პირობები და თბილი ზამთარი ტურისტებს მთელი წლის განმავლობაში იზიდავს.

მთის ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტებს განეკუთვნება აბასთუმანი, წაღვერი, ცემი, ჯავა, კოჯორი, კიკეთი და მანგლისი, რომლებიც განლაგებულია 1000-1500 მეტრის სიმაღლეზე.

მაღალმთიანი კურორტები შოვი, ბახმარო, ლებარდე და აუდხარა, რომლებიც მდებარეობენ 1500-2000 მეტრის სიმაღლეზე, წარმოადგენენ ფილტვის ტუბერკულოზის, ბრონქიალური ასთმის, ანემიის, ზოგიერთი კარდიო-ვასკულარული დაავადების, ნევროზის და სხვა სახის დაავადებების წარმატებული მკურნალობის საშუალებას.

მრავალი კურორტი, ისეთი როგორიცაა გაგრა, ბიჭვინთა, ახალი ათონი, სოხუმი, ბათუმი, ქობულეთი, მახინჯაური, მწვანე კონცხი, ურეკი, განლაგებულია შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც ხასიათდება სუბტროპიკული კლიმატური პირობებით, ზომიერი ზამთრითა და ხანგრძლივი ცხელი ზაფხულით. ზღვაზე ბანაობის სეზონი 5-6 თვე გრძელდება. ზღვის კლიმატი იძლევა სისხლის მიმოქცევის და სასუნთქი ორგანოების, აგრეთვე ნერვული სისტემის ფუნქციონალური მოშლის ეფექტური მკურნალობისა და დასვენების საშუალებას.

აფხაზეთის კურორტებთან დაკავშირებით, რომელთაც უზარმაზარი პოტენციალი გააჩნიათ, უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი სეპარატისტული მთავრობის მიერ შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია აფერხებს ამ რეგიონში ტურიზმის განვითარებას.

ზამთარში საქართველო ტურისტებს იზიდავს ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტებით, როგორიცა გუდაური და ბაკურიანი, სადაც ნოემბრიდან აპრილამდე მუდმივად დევს თოვლი.

გუდაური მდებარრობს საქართველოს ძველ სამხედრო გზაზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე და გარშემორტყმულია კავკასიის მთებით. აქ ტურისტებს შეუძლიათ თავისუფლად მოძებნონ თანამედროვე სასტუმროები და ხის კოტეჯები. გუდაური წარმოადგენს როგორც სპორტულ ისე მინერალურ კურორტს. მთის ფერდობები აპრილამდე თოვლითაა დაფარული და შესანიშნავი პირობებია თხილამურებით სრიალისა და ზამთრის სპორტის სხვა სახეობებით დაკავებისათვის.

ბაკურიანი მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, ზღვის დონიდან 1700 მეტრის სიმაღლეზე, საიდანაც იშლება არაჩვეულებრივი სანახაობა. იგი გარშემორტყმულია წიწვოვანი ტყეებით. საქართველოს ამ ცნობილ კუთხეში ტურისტებს შეუძლიათ დაისვენონ და გაერთნონ თხილამურობით, ტრამპლინიდან ხტომით, ციგურაობით და სპორტის სხვა მრავალი სახეობით.

საქართველოს კურორტებზე სრულყოფილი წარმოდგენის შექმნის მიზნით, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ქვეყანაში არსებული სამკურნალო ტალახები,. ყველაზე ცნობილს წარმოადგენს კუმისის ტბის ფსევდო ვულკანური წარმოშობის ტალახი, რომელიც გამოიყენება თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე. ტალახი გამოიყენება საყრდენ მამოძრავებელი სისტემის, პერიფერიული ნერვული სისტემის და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.

ფოლკლორი და უძველესი წესჩვეულებები. საქართველოს კულტურა და ტრადიციები ერთდროულად მოიცავს აღმოსავლურ და დასავლურ კულტურას, ანუ იგი წარმოადგენს ევროპისა და აზიის ერთგვარ შერწყმას. საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების წესჩვეულებები თითქმის უცვლელი სახითაა შემონახული, რადგანა მათზე გავლენა არ მოუხდენია თანამედროვე ცივილიზაციას. ამდენად, ადგილობრივი მოსახლეობა დღესაც მისდევს უძველეს წესჩვეულებებს, შემონახული აქვთ უძველესი ხელობები და დღესასწაულები, სტუმართმასპინძლობისა და სადღეგრძელოების წარმოთქმის ძველად არსებული წესები.

ხელუხლები ენდემური ფლორა და ფაუნა. საქართველოს ქალაქგარე რეგიონები უჩვეულოდ კარგად არის შემონახული და საკმაოდ მრავალფეროვანია. ენდემური ფლორა და ფაუნა კვლავაც ტურისტებისა და მეცნიერების უზარმაზარი დაინტერესების საგანს წარმოადგენს.

მსოფლიოში არსებული ფლორის 6000-ზე მეტი სახეობიდან, კავკასიაში აღმოჩენილია 4100 სახეობა, და ვრცელდება ქვეყნის შორეულ და აუთვისებელ საძოვრებსა და ხეობებში. საქართველოს ენდემური ჯიშებიდან ერთ-ერთია ენძელა, რომლის ნახვაც, მიუხედავად მისი არსებობის ხანმოკლე პერიოდისა, შესაძლებელია იანვრიდან ივნისის ჩათვლით. ზანზალაკები და პრიმულა, რომლებიც საყოველთაოდ ცნობილ ჯიშებს წარმოადგენენ, აგრეთვე ფართოდაა გავრცელებული საქართველოში. მოყვარული ნატურალისტები შეძლებენ საქართველოს თვალისმომჭრელი სილამაზის ხედებში აღმოაჩინონ თვალნათლად შემონახული და დაცული მცენარეული საფარი.

საკვები, ღვინო და ქართული სამზარეულო. საქართველო არის ქვეყანა რომელმაც შექმნა ღვინო. დღეს, საქართველო აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ღვინის 250 სახეობას. საკვები არის ორგანული წარმოშობის, გემრიელი და ეკონოლოგიურად სუფთა.

სტუმართმასპინძლობა წარმოადგენს ქართული კულტურის საფუძველს, რომელიც ყოველმხრივ გავლენას ახდენს ადამიანთა ცხოვრებაზე. ქვეყანაში ითვლება, რომ `სტუმარი ღვთისაა", და სწორადაც რომ ასეა. ქართველებისათვის მასპინძლობა არა მხოლოდ პატივია, არამედ დიდი სიამოვნებაა. აღნიშნული მრავალსაუკუნოვან ტრადიციას წარმოადგენს.

საქართველოში ტურიზმის შემდეგ სახეობებს უცილობლად განვითარების დიდი პერსპექტივები გააჩნია:
კულტურული ტურიზმი: არქეოლოგია, ისტორია, სოფლის მეურნეობა, ეთნოგრაფია;
სათავგადასავლო ტურიზმი: მოგზაურობა, მთების დალაშქვრა, თხილამურებით სრიალი, ცხენებით ჯირითი და ა. შ.;
ეკო-ტურიზმი: ფრინველებზე დაკვირვება, აქტიური ეკო-ტურები;
აგრო-ტურიზმი;
სპეციალური დაინტერესების ტურიზმი (ღვინის მოყვარულთათვისა და გურმანებისათვის, ფოტოგადაღებებისათვის);
საკურორტო და რეკრეაციული ტურიზმი;
შეკრებები და კონფერენციები;

საქართველოში ახალი სახით წარმოჩენილი ტურიზმი ინვესტორს სთავაზობს შესაძლებლობებათა ფართო არჩევანს. აღნიშნული შესაძლებლობები მოიცავს უამრავ დიდ და პატარა სასტუმროებს, მომარაგებას, სპორტულ და რეკრეაციულ რესურსებს, აგრეთვე ფინანსურ მომსახურებას.

დღეისათვის საქართველოს ტურიზმის სფერო ფრიად პერსპექტიულია წარმატებული ინვესტიციებისათვის.

2007 წლის 1 მარტს ჟენევაში (შვეიცარია) მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გამოაქვეყნა მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ანგარიში 2007.

ქვეყნების გრადაცია ეფუძნება მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსს (Travel&Tourism Cometitiveness Index (TTCI)), რომელიც მოიცავს მსოფლიოს 124 ქვეყანას. ინდექსის აფასებს იმ ფაქტორებსა და პოლიტიკას, რომელიც მიმზიდველს ხდის მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორის განვითარებას სხვადასხვა ქვეყანაში. შეფასებისას გამოყენებულ იქნა ქვემოთ მოცემული 13 ფაქტორი: 1) პოლიტიკის განმსაზღვრელი კანონები და რეგულირება; 2) გარემოს მარეგულირებელი წესები; 3) დაცულობა და უსაფრთხოება; 4) ჯანმრთელობა და ჰიგიენა; 5) მოგზაურობისა და ტურიზმის პრიორიტეტულობა; 6) საჰაერო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა; 7) სახმელეთო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა; 8) ტურისტული ინფრასტრუქტურა; 9) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა; 10) ფასის კონკურენტუნარიანობა; 11) ადამიანური რესურსები (კაპიტალი); 12) ტურიზმისადმი ეროვნული დამოკიდებულება; 13) ბუნებრივი და კულტურული რესურსები.

აღნიშნული გრადაციის მიხედვით საქართველო 124 ქვეყნიდან იმყოფება 66-ე ადგილზე და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ქუვეითი, რუსეთის ფედერაცია, ჩინეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუმინეთი, უკრაინა, მოლდავეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი და ა.შ.

Thursday, May 17, 2012

ტურიზმის სახეობები

ტურიზმის სახეობებია:


ბიზნესტურიზმი;
გამაჯანსაღებელი ტურიზმი;
ექსკურსია;
საკონგრესო ტურიზმი;
სამთო ტურიზმი;
სამკურნალო ტურიზმი;
სპორტული ტურიზმი;
შემეცნებითი ტურიზმი;
ეკოტურიზმი;

Monday, April 23, 2012

ინფორმაცია ინვესტორებისთვის


საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ტურიზმის სფეროში განხორციელებული ინვესტიციების ოდენობა, რა თქმა უნდა, საკმაოდ სოლიდურია. საერთაშორისო სტანდარტების მქონე ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნა, ექსპერტთა დასკვნით, მილიონი დოლარით უნდა განისაზღვროს.
      საქართველოში 1999-2003 წლების განმავლობაში აშენდა 300 სასტუმრო და სასტუმრო სახლი, 4340 სასტუმრო ნომრით 10 000 საწოლ ადგილზე. აღსანიშნავია თბილისში ექსპლუატაციაში შესული "მარიოტის" ჯგუფის ორი სასტუმრო, სასტუმროები "ძველი თბილისი", "პრიმავერა", "კოპალა", ვერე-მცხეთა-ბაკურიანის "პალასის" სისტემის სამი სასტუმრო, აგრეთვე რიგი მაღალი დონის ახალი სასტუმრო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
      ექსპერტების შეფასებით, ზემოაღნიშნული 300 ობიექტის მშენებლობაზე, ბაზალეთის ტბის ტურისტული კომპლექსის ჩათვლით, საერთო ჯამში, მოზიდულია ინვესტიციები 250მლნ. აშშ. დოლარის ოდენობით. აქედან, უცხოელი ინვესტორების მიერ დაბანდებული 100მლნ. აშშ. დოლარი.
      ამ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში ტურიზმის სფეროში მოღვაწე შიდა და უცხოელ ინვესტორთა ხელშეწყობის, დაინტერესების მიზნით, საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადდა კანონპროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში" შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.
      ეკონომისტების აზრით, ასეთი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში  ხელს შეუწყობს უცხოური კაპიტალის მოზიდვას, ქვეყანაში ტურისტულ ბიზნესში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა შემოსავლების ზრდას.
      აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური განკარგულებით შერჩეულია ტურისტული ცენტრების შექმნისთვის შესაფერისი და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 787 ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 112 ნაკვეთი, რომელიც განლაგებულია ქვეყნის 42 რაიონში, როგორც ზღვისპირეთში, ასევე მთიან რაიონებში. აღნიშნული ტერიტორიებით შეიძლება დაინტერესდნენ ადგილობრივი და უცხოელი ივესტორები, რომლებიც გადაწყვეტენ ტურისმის სფეროში ინვესტიციების დაბანდებას.

   

Sunday, April 22, 2012

ზოგადი ცნობები





მარადიული თოვლითა და მყინვარებით დაფარული კავკასიონი, შავი ზღვის სანაპიროს სუბტროპიკული ზონა, წყალუხვი მდინარეები და ჩანჩქერები, სამკურნალო მინერალური წყლები და კურორტები, მრავალპროფილიანი და მდიდარი ეკონომიკური რაიონები, ისტორიისა და კულტურის ძეგლები - ყველაფერი ეს განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებს ქმნის საქართველოში ტურიზმის განვითარებისათვის.

საქართველოში ტურიზმის განვითარებას ხელს უწყობს უამრავი ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლის არსებობა, უძველეს ხანას (ბრინჯაოსა და ადრეული რკინის საუკუნეები) განეკუთნება ბედენის, თრიალეთის, სამთავროს, სამგორის ყორღანები, აფხაზეთის დოლმენები, ჩვ.წ.აღ-მდე IV-III-I საუკუნეებით თარიღდება უძველესი დედაქალაქის - მცხეთის აკროპოლი და ვანის ნაქალაქარი ციხე-სიმგრის ნაგებობებით, სასახლისა და საკულტო შენობებით, ქალაქ-გამოქვაბულის-უფლისციხის (ქ. გორის მახლობლად) ადრეული სადგომები. დიდი რაოდენობითაა შემონახული ადრექრისტიანული ტაძრები, რომელთა შორის მრავალი - ბოლნისის რაიონი (V ს.) ნინოწმინდა (VI ს.), ჯვარი მცხეთის მახლობლად (VI ს-ის დასასრული VII ს-ის დასაწყისი და სხვა) - წარმოადგენს არქიტექტურის ცნობილ ძეგლებს. ძალზედ თვალწარმტაცია X-XI სს-ის ტაძრები და ეკლესიები - კუმურდოში, ქუთაისში, ალავერდში (თელავის მახლობლად), სვეტიცხოველი მცხეთაში, სამთავისი (ქ. გორის მახლობლად), ნიკორწმინდა ( ამბროლაურის მახლობლად), აგრეთვე XII ს-ის გელათის მონასტერი (ქ. ქუთაისის მახლობლად) - შუასაუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონასტერთაგანი საქართველოში. შემორჩენილია გრანდიოზული, კლდეში ნაკვეთი XII-XIII სს-ის მონასტრები - დავით გარეჯისა (თბილისიდან 60 კმ-ზე) და ვარძიისა (ბორჯომიდან 70 კმ-ზე). XIV-XVIII ს-დან შემორჩენილია ციხე (გრემი-XVI ს.) ტაძრები, მონასტრები, სასახლეები, ციხე-სიმაგრეები (ხერთვისი, კვარასციხე), ხიდები და სხვ. ნაგებობები.

საქართველოში ტურიზმის განვთარებას ასევე ხელ უწყობს ქვეყნის განსაკუთრებით ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა. ბუნებამ უხვად დააჯილდოვა საქართველო. მთელს მსოფლიოში არც ისე ბევრია ადგილები, სადაც შედარებით მცირე ტერიტორიაზე განლაგებულია ამდენი განსხვავებული ლანდშაფტი - ნოტიო სუბტროპიკებიდან მუდმივ თოვლამდე და მყინვარებამდე მაღალ მთიან ადგილებში.
საქართველოს ტერიტორიაზე შესწავლილია 2000-მდე მინერალური წყარო. მინერალური წყლები ფართოდ გამოიყენება ბალნეოლოგიაში სხვადასხვა ავადმყოფობათა სამკურნალოდ.
საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი საკურორტო ფაქტორია ჰავა. მთისა და ზღვის შერწყმული ჰავა ქმნის საუკეთესო კლიმატურ პირობებს მრავალი დაავადების სამკურნალოდ. კლიმატოთერაპიისთვის განსაკუთრებით ეფექტურია ზღვისპირა, დაბალ და საშუალომთიანი რაიონების ჰავა. მნიშვნელოვანი ბუნებრივი საკურორტო - რეკრეაციული რესურსია მდიდარი მცენარეულობა (მათ შორის წიწვიანი და ფართოფოთლოვანი ტყეები).
დღეს საქართველო 102 კურორტს ითვლის. ბორჯომის ხეობის კლიმატური კურორტები: წყალტუბო, აბასთუმანი, ბორჯომი, წაღვერი, ცემი, ლიკანი, ბაკურიანი. შავი ზღვისპირეთის კლიმატური პირობები: ახალი ათონი, ბიჭვინთა, სოხუმი, გაგრა, ბათუმი, ქობულეთი, მახინჯაური, ციხისძირი, და სხვ. ბალნეოლოგიური კურორტები: ნაბეღლავი, სკური, ზვარე, სულორი, ასპინძა, ცაიში, ნუნუსი, უწერა და სხვ. გარდა კურორტებისა ასევე რეგისტრირებულია 340 საკურორტო ადგილი.
ბუნების განსაკუთრებული მრავალფეროვნებისა და სილამაზის, მრავალი კულტურული ძეგლისა და მდიდარი და უძველესი ისტორიის გამო, საქართველო არის ტურიზმის მნიშვნელოვანი ცენტრი.

საქართველოში არსებობს ბუნებრივი ღირსშესანიშნაობანი, ნაკრძალები, ტბები, ჩანჩქერები, მღვიმეები, მწვერვალები, მყინვარები, მდიდარი ისტორიული ძეგლები და სამთო-სათხილამურო ცენტრები. ტურისტებსა და სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებს შორის ძალზედ პოპულარულია ბაკურიანი და გუდაური.
საქართველოში ალპინიზმი ძალზედ პოპულარული სპორტია. საქართველოს ყველაზე ცნობილ მწვერვალებს წარმოადგენს ყაზბეგი (5033მ), თეთნულდი (4853 მ), შხარა (5068 მ), უშბა (4700 მ), ჯანგითაუ (5059 მ) და სხვ. საქართველოს უმაღლესი მწვერვალია შხარა.
ტურიზმს საქართველოში კარგი პერსპექტივები გააჩნია. ყოველწლიურად მატულობს საქართველოში მოგზაურობის მსურველთა რაოდენობა.

Saturday, April 21, 2012

ტურიზმის ინდუსტრია

ტურიზმის ინდუსტრია   მსოფლიოში ერთ–ერთი მზარდი ინდუსტრიაა.  მსოფლიოში სწორედ ტურიზმი არის ვალუტის მოძრაობის მთავარი გენერატორი, რისი მეშვეობითაც იგი უდიდეს როლს თამაშობს მსოფლიო ეკონომიკაში. იგი ასევე ბევრი ქვეყნისთვის რჩება უამრავ სამუშაო ადგილზე პასუხისმგებლად. UNWTO-ს მონაცემებით, მოთხოვნამ საერთაშორისო ტურიზმზე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და აჩვენა თავისი ელასტიურობა და მოქნილობა გარეშე ფაქტორებთან მიმართებაში. (ნოემბერი,2008)

• 2007 წლიდან 2008 წლამდე საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა 1.9%-ით გაიზარდა და 922 მილიონს მიაღწია, ხოლო მათ მიერ დახარჯულმა თანხამ 944 მილიარდ დოლარს (642 მილიარდ ევროს) მიაღწია!
• ბოლოდროინდელმა მსოფლიო ფინანსურმა კრიზიმა თავისი ზეგავლენა იქონია ტურიზმის ინდუსტრიაზეც, რაც 2008 წლის ივნისის თვიდან საერთაშორისო ტურისტების ზრდის ტემპის 2%-იანი დაცემით დაიწყო და საბოლოოდ მარტო 2009 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით ტურისტული ნაკადი 8%-ით შემცირდა. ბევრ რეგიონში A(H1N1) ინფლუენზა – ე.წ “ღორის გრიპის” მსოფლიო პანდემიამ ასევე გამოიწვია სიტუაციის გამწვავება. ექსპერტების აზრით 2010 წლისათვის კვლავ განახლდება ტურიზმისადმი გამძვინვარებული მოთხოვნა და საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა 1 მილიარდს გადააჭარბებს!
   ტურზმის ინდუსტრიას ბევრი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნოშვნელობა გააჩნია. სწორედ უცხოელი ტურისტებისაგან მიღებული შემოსავლები, ინდუსტრიაში მყოფი ფირმების გადასახადები და შანსი, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება ქმნის ამ ქვეყნებისათვის განვითარების შესაძლებლობას.

Tuesday, April 17, 2012

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია


მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) – გაეროს სპეციალიზებული ორგანო, რომელიც არის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია ტურიზმის სფეროში. ორგანიზაცია დაფუძვნდა 1974 წელს მადრიდში. მტო არის მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელიც კონცენტრირებულია საერთაშორისო ტურიზმის შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვებაზე და შედარებაზე. ამ ორგანიზაციის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწოდებული მონაცემები საშუალებას იძლევა გაკეთდეს მსოფლიო მასშტაბით ტურიზმის ზრდისა და შემცირების შედარებითი ანალიზი.  მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ხელს უწყობს გონივრული, სიცოცხლისუნარიანი და ყველასათვის ხელმისაწვდომი ტურიზმის განვითარებას, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს განვითარებად ქვეყნებს. მტო ცდილობს უზრუნველყოს ტურიზმისთვის ეთიკის საყოველთაო კოდექსი (Global Code OF Ethics), წევრი ქვეყნების დარწმუნებით იმაში, რომ ტურისტული დესტინაციები და ბიზნესი იწვევს ტურიზმის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული შედეგების დადებითი მხარეების მაქსიმალიზაციას და ამავე დროს ამცირებს მის უარყოფით სოციალურ და გარემო ზეგავლენებს. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საწყისი ფესვები უნდა ვეძებოთ 1925 წელს, როდესაც ქ. ჰააგაში შეიქმნა "ოფიციალური ტურისტული მოძრაობის ასოციაციების საერთაშორისო კონგრესი"(ICOTT). მეორე მსოფლიო ომისა და საერთაშორისო მოძრაობების გაზრდის შემდეგ მოხდა ICOTT-ის გარდაქმნა ოფიციალურ მოგზაურობათა ორგანიზაციების საერთაშორისო გაერთიანებად (IUOTO). ეს იყო ტექნიკური, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელშიც გაერთიანდა ნაციონალური ტურისტული კომპანიები და მომხმარებელთა ჯგუფი. მისი მიზანი არ იყო მხოლოდ ზოგადად ტურიზმის დაწინაურება, არამედ ის მიზნად ისახავდა გამოეყენებინა ტურიზმის უპირატესობები საერთაშორისო ვაჭრობაში და დაენახებინა მისი დადებითი მხარეების ეფექტი განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში. IUOTO-ს მეოცე საყოველთაო კრებაზე, რომელიც ჩატარდა 1967 წელს ტოკიოში, გამოცხადდა მთავრობებთაშორისი ორგანოს შექმნის საჭიროების შესახებ, რომელსაც შესწევდა უნარი საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობისათვის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით, გაერთიანებულ ერების ორგანიზაციასთან. IUOTO-ს არსებობის განმავლობაში ჩამოყალიბდა ახლო კავშირები ორგანიზაციასა და გაეროს შორის და გაჩნდა საწყისი წინადადებები იმის თაობაზე, რომ ეს ორგანო გაეროს შემადგენლობაში შესულიყო. 1970 წელს IUOTO-ს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის შექმნას(მტო), რომელიც დაფუძნებული იქნებოდა IUOTO-ს ორგანიზაციულ წესდებაზე. ბრძანების რატიფიცირება მოხდა 51 სახელმწიფოს მიერ, მხოლოდ ამის შემდეგ, 1974 წლის 1 ნოემბერს, დაიწყო მტო-მ ფუნქციონირება. დღესდღეობით მტო-ს წევრია 154 სახელმწიფო, 7 ასოცირებული წევრი (პუერტო რიკო, არუბა, ჰონგ კონგი, მაკაუ, მადეირა, ნიდერლანდის ანტილები,ფლამანდია), 15 სახელმწიფომ დატოვა ორგანიზაცია სხვადასხვა პერიოდში (ავსტრალია, ბაჰამის კუნძულები, ბაჰრეინი, კანადა, სალვადორი, ჰონდურასი, ქუვეითი, მალაიზია, ნიკარაგუა, პანამა, ფილიპინები, ყატარი,ტაილანდი და პუერტო რიკო). არაწევრი ქვეყნები : სურინამი, გაიანა, აშშ, ბელიზი, ტრინიდადი და ტობაგო, დომინიკა, გრენადა, ბარბადოსი, ანტიგუა და ბარბუდა, სენტ ლუსია, სენტ კიტსი და ნევისი, სენტ ვინსენტი და გრენადინები, ლიბერია, სომალი, კომორის კუნძულები, ირლანდია, ისლანდია, გაერთიანებული სამეფო, დანია, შვედეთი, ფინეთი, ბელგია, ლუქსემბურგი, ლიხტენშტეინი, ესტონეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, მიანმა, სინგაპური, ახალი ზელანდია, პალაუ, მიკრონეზია, მარშალის კუნძულები, კუკის კუნძულები, ტუვალუ, ნაურუ, ნიუე, კირიბატი, სოლომონის კუნძულები, სამოა,ტონგა და დანარჩენი შეზღუდული აღიარების მქონე ქვეყნები.